აზერბაიჯანული გამოცემა - რომ არა „ნეფთჩის“ მეკარე, „დინამო“ შესვენებამდე ორ-სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდებოდა #1TVSPORT
აზერბაიჯანული გამოცემა - რომ არა „ნეფთჩის“ მეკარე, „დინამო“ შესვენებამდე ორ-სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდებოდა #1TVSPORT

აზერბაიჯანულმა გამოცემა „აზერისპორტმა“ „დინამო-არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღიარებს, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს „ნეფთჩისთან“ წაგების (1:2) მიუხედავად, „დინამო თბილისმა“ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოგება შეეძლო.

„გოლის შემდეგ თბილისელები შეტევაში დიდი ძალებით წავიდნენ და მომდევნო 10-15 წუთის განმავლობაში სტუმრების დაცვა გაარღვიეს და აიძულეს, ერთმანეთის მიყოლებით შეცდომები დაეშვათ. „დინამოს“ მოთამაშეები სხვადასხვა შესაძლო პოზიციებიდან უტევდნენ და კარში არტყამდნენ. შედეგად, მათ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ვინ იცის, რა ანგარიში შეიძლება ყოფილიყო შესვენებამდე, რომ არა „ნეფთჩის“ მეკარე აგილ მამედოვი. სწორედ მეკარის დამსახურებაა, „დინამო“ შესვენებამდე ორ-სამბურთიანი უპირატესობით რომ არ დაწინაურდა. ჩანდა, თუ „ნეფთჩი“ ამავე სულისკვეთებით გააგრძელებდა, მარცხი გარდაუვალი იქნებოდა“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.

აზერისპორტის“ თქმით, ბაქოელებს გაუმართლათ:

„მეორე ტაიმში „ნეფთჩიმ” კიდევ გაიტანა და ამჯერად პენალტით. ესეც სანერვიულო აღმოჩნდა. ემინ მახმუდოვმა ძალიან სუსტად დაარტყა – მეკარე მიმართულებას მიხვდა და ბურთი მშვიდად აიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეკარემ დროზე ადრე გადაკვეთა ხაზი, რაც დარღვევაა და ემინმა თავიდან დაარტყა. ამჯერად, „ნეფთჩის“ კაპიტანმა დარტყმა კარგად შეასრულა. მატჩის ბოლოს, აზერბაიჯანის ჩემპიონს ძალიან გაუმართლა, როდესაც „დინამოს“ მორიგი მცდელობის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. აბასოვმა თავისი გუნდის ხასიათი აღნიშნა. ალბათ სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა თბილისში გუნდმა გამარჯვება, როდესაც მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა და გაცილებით მეტი საგოლე შანსი ჰქონდა. ახლა ყველაფერი გადაწყდება მეორე შეხვედრაში. სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნეფთჩიმ“ შინ მინიმუმ არ უნდა წააგოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ისინი მოუმატებენ. თამაში, როგორიც გუნდმა თბილისში აჩვენა, ძალიან სარისკო იქნება. თუ ამჯერად ფორტუნა სტუმრების მხარეს იყო, ბაქოში „ნეფთჩი“ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს და არა იღბალს“.

„დინამო თბილისისა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ განმეორებითი შეხვედრა 14 ივლისს ბაქოში „ბაკსელ არენაზე“ გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც ჰაიფას „მაკაბისა“ და ყაზახურ „კაირატს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.