აზერბაიჯანული გამოცემა - ცხადაძე ელიტარულ ლიგაში უნდა მუშაობდეს, მან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა #1TVSPORT
„გაბალა“ აზერბაიჯანის პირველი ლიგის ლიდერია, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის დამსახურებაა, – ამის შესახებ გამოცემა Azerisport-ი წერს.
„ამ დროისთვის 9 ტური გავიდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ფავორიტი „გაბალაა“. კახა ცხადაძის გუნდმა 23 ქულა დაუმარცხებლად დააგროვა, 16 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია.
„გაბალას“ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. საუკეთესო დროში კლუბის ბიუჯეტი მილიონობით ევროს შეადგენდა, მაგრამ ახლა სხვა დრო და პირობებია. ხელმძღვანელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები პრაგმატულად და სწორად მოიქცნენ, ახალგაზრდებსაც მისცეს შანსი და მხოლოდ რამდენიმე ვეტერანი ჰყავთ.
ცხადაძე ადგილობრივებით არ შემოიფარგლა და ლეგიონერები აფრიკის ქვეყნებიდანაც აიყვანა, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდები არიან. ყველა ვხედავთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა კარგი გუნდი შექმნა.
ამასთან, გვინდა, რომ ცხადაძე აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდეს. გამოცდილი და გამორჩეული სპეციალისტი ელიტარულ ლიგაში უნდა მუშაობდეს, და არა პირველ ლიგაში. როგორც ჩანს, როდესაც გასული სეზონის შედეგების შემდეგ „გაბალაში“ დარჩენა და პირველ ლიგაში მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, ქართველმა სპეციალისტმა იცოდა, რომ გუნდს ერთ სეზონში ელიტაში დააბრუნებდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შეუძლია თუ არა ვინმეს „გაბალას“ „მატარებელი“ გააჩეროს“, – წერს Azerisport-ი.