აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე დაძაბული საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამე გრძელდებოდა, სომხური მედია კი მთიან ყარაბაღში ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ იუწყება
აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე დაძაბული საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამე გრძელდებოდა, სომხური მედია კი მთიან ყარაბაღში ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრონტის ხაზზე დაძაბული საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებას ადგილობრივი სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა სცადეს დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის მცდელობები აღკვეთეს. აზერბაიჯანის განცხადებით, საარტილერიო ცეცხლით განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის ერთი ტანკი, ერთი სამხედრო მანქანა, მოკლულია 10 სამხედრო.

თავის მხრივ, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ცხრა წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მედიასაშუალებების ცნობით, ბავშვის დედა დაჭრილია.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, ამჟამად სომხეთის სამხედრო დანაყოფებმა ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და რამდენიმე მონაკვეთზე სადამსჯელო ზომებს მიმართეს, რითაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის მხრივ.