აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს უპასუხეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს უპასუხეს

დესტრუქციული მიდგომების შედეგების პროგნოზირება სომხეთისთვის რთული არ არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა, რომელმაც სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის დღევანდელ განცხადებებს უპასუხა.

ფაშინიანის თქმით, ოფიციალური ბაქო მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე აცხადებს პრეტენზიებს და ქმნის სასაზღვრო დაძაბულობას, რათა დელიმიტაციის პროცესს ხელი შეუშალოს.

„ეს არის მორიგი, აბსოლუტურად ყალბი და ცილისმწამებლური განცხადება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ ამას ამბობს იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც 30 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა, ჰქონდა ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და არღვევდა მილიონზე მეტი აზერბაიჯანელის ფუნდამენტურ უფლებებს. „დიდი სომხეთის“ ილუზიებიდან გამომდინარე, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების გამოთქმას, რომელიც ამ ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული და ამით ცდილობს, შექმნას გარკვეული „საფუძველი მისი სახელმწიფოს აგრესიული, დესტრუქციული და უკომპრომისო პოლიტიკისთვის. სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს არ ჰქონია ტერიტორიული პრეტენზიები რომელიღაც სახელმწიფოს მიმართ. აზერბაიჯანი პატივს სცემს სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზღვრებში და მოითხოვს, იგივე მიდგომა გამოიჩინონ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, – განაცხადა აბდულაევამ.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანმა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყო, გამოთქვა მზადყოფნა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასაწყებად.