აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის გათავისუფლების შესახებ აცხადებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის გათავისუფლების შესახებ აცხადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხური მხარის მიერ კონტროლირებადი კიდევ შვიდი სოფლის გათავისუფლების შესახებ აცხადებს.

შესაბამისი ინფორმაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა ჯებრაილის რაიონის ხუთი სოფელი, ფიზულის რაიონის ერთი და ტერტერის რაიონის ერთი სოფელი დაიკავეს.

ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც, სამინისტროს ცნობით, ზემოთ აღნიშნული სოფლებია აღბეჭდილი.

მანამდე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ძალების დაშორიშორების ხაზთან მდებარე სოფელ მადაგიზში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

სომხურ მხარეს აზერბაიჯანის ძალების მიერ სოფლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.