აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - „ნეფთჩი“ „ყარაბაღის“ დონის არ არის, მაგრამ „დინამო“ უნდა გამოაგდოს, ხელისშემშლელი მხოლოდ ცხადაძის ფაქტორია #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფორვარდი - „ნეფთჩი“ „ყარაბაღის“ დონის არ არის, მაგრამ „დინამო“ უნდა გამოაგდოს, ხელისშემშლელი მხოლოდ ცხადაძის ფაქტორია #1TVSPORT

აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ზაურ რამაზანოვმა azerisport.com–თან ინტერვიუში ადგილობრივი კლუბების მომავალ ევროგამოსვლასთან დაკავშირებით ილაპარაკა.

7 და 14 ივლისს, ბაქოს „ნეფთჩი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება. ზაურ რამაზანოვის თქმით, საქართველოს ჩემპიონთან შეხვედრაში ერთადერთი პრობლემა კახა ცხადაძე იქნება.

„რა მოლოდინები მაქვს ამ დაპირისპირებასთან დაკავშირებით? ჩვენმა გუნდმა ეს ეტაპი უნდა გაიაროს. აზერბაიჯანში საკლუბო საფეხბურთო დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. მათ ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენი ლეგიონერების დონე უფრო მაღალია. ერთადერთი, რამაც შეიძლება სირთულე შეგვიქმნას, ეს კახაბერ ცხადაძის ფაქტორია. მან რამდენიმე წელი იმუშავა აზერბაიჯანში და ჩვენ კარგად ვიცით, რისი შესაძლებლობაც გააჩნია. ის ძალიან მოქნილი მწვრთნელია და შეხვედრის დროს სათამაშო სისტემის შეცვლა ოსტატურად შეუძლია. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამირ აბასოვმა („ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი) შეცდომები არ დაუშვას“, – განაცხადა ზაურ რამაზანოვმა.

თუმცა, აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დარწმუნებული არ არის, რომ აზერბაიჯანის ახალი ჩემპიონი „ნეფთჩი“ მათი ქვეყნის საკლუბო ფეხბურთის რეპუტაციას „ყარაბაღივით“ დაიცავს.

„არ მჯერა, რომ „ნეფთჩი“ მიაღწევს იმას, რომ „ყარაბაღივითგაგვახაროს. ისინი ამ კლუბის დონისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში „ყარაბაღის“ მსგავს წარმატებებს მიაღწევენ. ჩემპიონთა ლიგისთვის საჭირო ახალი ლეგიონერები ჯერ არ ჩანან. როგორც მენეჯერი, ბევრ ფეხბურთელს მთავაზობენ და არც თუ ისე ძვირადღირებულ მოთამაშეებს. მათ შორის ძალიან კარგი ბიჭები არიან, რომლებსაც ჩვენი გუნდების გაძლიერება შეეძლოთ. რატომ არ ჰყავს „ნეფთჩის“ ასეთი მოთამაშეები? ბაქოს კლუბისთვის წელიწადში 200-250 ათას ევროს გადახდა მოთამაშისთვის იოლი საქმეა. თუ მათ რაიმეს მიღწევა სურთ, გაძლიერება სჭირდებათ“, – ამბობს რამზანოვი.