აზერბაიჯანის ნაკრების მცველი - საქართველოს ნაკრებთან ურთულესი თამაში გვქონდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების მცველი - საქართველოს ნაკრებთან ურთულესი თამაში გვქონდა #1TVSPORT

აზერბაიჯანის ფუტსალის ნაკრების მცველმა ედუარდომ ევრო 2022-ის „დ“ ჯგუფის პირველ ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხებაზე (2:3) კომენტარი გააკეთა.

„საქართველის ნაკრებთან ძალიან რთული თამაში გვქონდა. დავიწყეთ მოთმინებით, თანდათან უპირატესობა მოვიპოვეთ (?!) და ორჯერ გავიტანეთ. შესვენებაზე ისე გავედით, ანგარიში მიგვყავდა. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში იგივენაირად ვერ გავაგრძელეთ. პირიქით, შეცდომების დაშვება დავიწყეთ, ფუტსალში კი მცირე დეტალებიც გადამწყვეტია. უბრალო შეცდომამ შეიძლება შეხვედრის შედეგი გადაწყვიტოს. ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, შეცდომები დავუშვით, როგორც ტაქტიკურად, ასევე ფიზიკურად“, – აღიარებს ედუარდო.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გუნდის მცველის თქმით, გუნდმა მწვრთნელის, ხოსე ალესიოს დავალებები ვერ შეასრულა.

„მთავარ მწვრთნელს სურდა, უფრო მშვიდად გვეთამაშა. ეს მაშინ იყო, როდესაც ანგარიში წავიყვანეთ. მერე უკვე ძალების მოკრება ვერ მოვახერხეთ. მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, რადგან წინ ორი მატჩია. წლების წინაც მოვხვდით ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩემპიონატის სტარტზე ხორვატიასთან დავმარცხდით. მაგრამ შემდეგ რუსეთთან გავიმარჯვეთ. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. შესაძლოა, ეს სცენარი ამჯერადაც გავიმეოროთ. მესმის, რომ ესპანეთი ძლიერი მეტოქეა. მაგრამ სასურველ შედეგს უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა ედუარდომ.