აზერბაიჯანიდან პოლონეთში - ვოლკოვი „ლეხიაში“ გადადის #1TVSPORT
აზერბაიჯანიდან პოლონეთში - ვოლკოვი „ლეხიაში“ გადადის #1TVSPORT

ახალი სეზონიდან დავით ვოლკოვი კარიერას პოლონურ კლუბში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრებისა და აზერბაიჯანული „ზირას“ ფეხბურთელზე ინფორმაციას „აზერისპორტი“ ავრცელებს.

„აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ „ზირას“ ფორვარდმა დავით ვოლკოვმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა, რომელიც მას დედაქალაქის გუნდში შესთავაზეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პოლონურ კლუბ გდანსკის „ლეხიასგან“ კარგი შეთავაზება მიიღო და აზერბაიჯანიდან წასვლა გადაწყვიტა. ვოლკოვმა ამის შესახებ „ზირას“ ხელმძღვანელობას შეატყობინა“, – წერს გამოცემა.

ვოლკოვმა კარიერა „გაგრაში“ დაიწყო. იყო „დინამო თბილისის“ მოთამაშე, საიდანაც იჯარით გაუშვეს საჩხერეს „ჩიხურასა“ და ბოლნისის „სიონში“. 2017 წლის ზამთარში სერბეთის „ზემუნში“ გადავიდა, მაგრამ ექვს თვეში ტრავმის გამო გუნდი დატოვა და კონტრაქტი „საბურთალოსთან“ გააფორმა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ჩემპიონი გახდა.

აზერბაიჯანში 2019 წლიდან თამაშობს – ჯერ „გაბალას“ ფეხბურთელი იყო, ხოლო 2020 წლიდან – „ზირასი“ და მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი 11 ნოემბერს, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, მეორე შეხვედრაში, 15 ნოემბერს უზბეკეთთან კი სადებიუტო გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა -1:0.

გდანსკის „ლეხია“ პოლონეთში სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხე ადგილზეა და ევროსაგზური გარანტირებული აქვს. გდანსკის გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.