აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის ეტაპის გამართვაზე უარს ამბობს
აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის ეტაპის გამართვაზე უარს ამბობს

აზერბაიჯანში აპირებენ, უარი თქვან 2020 წელს ფორმულა 1-ის ეტაპის ჩატარებაზე, – წერს იტალიური გამოცემა „მოტორსპორტი“. წყაროს ცნობით, გაიმართა ვიდეოკონფერენცია ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობას, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას, გუნდებსა და ეტაპების ორგანიზატორებს შორის. სწორედ ამ ვირტუალური შეხვედრისას აზერბაიჯანის გრანპრის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, არ სურთ რბოლის გამართვა.

საქმე ისაა, რომ ბაქოში რბოლა ქალაქის ქუჩებში იმართება და ეტაპის ორგანიზებისთვის დროებითი კონსტრუქციებია მოსაწყობი, ეს კი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. აზერბაიჯანული მხარე შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, რბოლას მაყურებელი არ ეყოლება და დახარჯულ თანხას ვერ აინაზღაურებს.

უფრო ადრე, ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ ორი ეტაპი გააუქმა და ხუთი გრანპრი გადაიტანა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის სეზონი აზერბაიჯანის გრანპრით უნდა გახსნილიყო.