აზაროვმა ელიგაშიც გაიბრწყინა - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [ფოტო] #1TVSPORT
აზაროვმა ელიგაშიც გაიბრწყინა - ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [ფოტო] #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ქობულეთში სტადიონის რეაბილიტაციის გამო აჭარულ დერბის, ე,წ, „დელა მანდარინას“ ფოთის „ფაზისის“ სტადიონმა უმასპინძლა – ქობულეთის „შუქურამ“ ბათუმის „დინამოს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.

30-ე ტურის შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „შუქურამ“ გათამაშების ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. ირაკლი აზაროვის ფლანგური გადაცემა თორნიკე გრიგალაშვილმა 66-ე წუთზე ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

ქობულეთელებს 89-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ ნიკა ჭანტურიას ძლიერი დარტყმა ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია და „დინამო“ გადაარჩინა.

90+4-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა, რომელიც ბათუმელთა შორის ყველაზე სასარგებლო იყო, ქობულეთელების კარი თავად აიღო – საქართველოს ნაკრებში შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაშიც გაიბრწყინა, თანაც მინიმუმ მეოთხე წრის ერთ-ერთი ულამაზესი გოლის ავტორი გახდა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ შეხვედრა 2:0 მოიგო, 63 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდმა კონკურენტ „დინამო თბილისთან“ უპირატესობა (53) 10 ქულამდე გაზარდა და ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე დიდი უპირატესობა მოიპოვა.