აზაროვი „შახტარის“ სასტარტოში გამოჩნდა - დონეცკელებმა ლვოვის „კარპატისთან“ ფრედ ითამაშეს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, უკრაინის პრემიერლიგის მეორე ტურში ლვოვში „კარპატის“ ესტუმრა და 3:3 ითამაშა.
აზაროვი ევროთასებზე სათადარიგოთა შორისაა, ამჯერად კი დონეცკელების მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და, ფაქტობრივად, შეუცვლელად ითამაშა, 28-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
დონეცკლებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-10 წუთზე ნევერტონის გოლით დაწინაურდნენ. ლვოველებმა რვა წუთში ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ „შახტარი“ 23-ე წუთზე კაუა ელიასმა ისევ წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. დონეცკელებმა მესამედაც შეძლეს დაწინაურება და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ლვოველებმა მესამე ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.