აზარმა „რეალში“ სადებიუტო სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდი უწოდა
აზარმა „რეალში“ სადებიუტო სეზონს კარიერაში ყველაზე ცუდი უწოდა

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა შეაფასა თავისი პირველი სეზონი ესპანეთის ჩემპიონის რიგებში.

„იმედია, ყველა ტრავმა უკან დარჩა, შემდეგი სეზონი კი გაცილებით უკეთ ჩაივლის. სინამდვილეში, ეს წელი არ იყო ძალიან საშინელი, რადგან შევძელი „რეალში“ გადასვლა და პირველივე წელს ჩემპიონატის მოგება. რთულია უფრო მეტის მოთხოვნა.

ინდივიდუალურად, ეს ყველაზე უარესი წელია ჩემს კარიერაში. სეზონი უცნაური გამოვიდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამ შეიძლება ყველაფერი გამოასწოროს. მესმის, რომ ამის მიღწევა რთული იქნება, რადგან ჩვენი მეტოქე „მანჩესტერ სიტია“, – თქვა აზარმა.

29 წლის ბელგიელი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში 100 მილიონ ევროდ გადავიდა. აზარმა რამდენიმე თვე კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა და ლა ლიგაში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ექვსი შედეგიანი პასია.