აზარი დაფრინავს - ჩელსი შეუჩერებელია 
აზარი დაფრინავს - ჩელსი შეუჩერებელია 

იურგენ კლოპის „ლივერპულის“ მსგავსად, უდანაკარგოდ ასპარეზობას მაურიციო სარის „ჩელსიც“ ახერხებს. იტალიელი სპეციალისტის ხელში „ჩელსის“ შესანიშნავი სტარტი აქვს და პრემიერლიგაში 15 ქულით „ლივერპულთან“ ერთად ლიდერობს.
„არისტოკრატებმა“ მეხუთე ტურის შეხვედრაში, „სტემფორდ ბრიჯზე“ „კარდიფი“ მიიღეს და დიდი ანგარიშით – 4-1 დაამარცხეს.
მე-16 წუთზე უელსელები – სოლ ბამბას გოლით წინ გავიდნენ. გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. შეხვედრის პირველივე ტაიმში ბელგიელი შემტევი – ედენ აზარი მოწინააღმდეგეებისთვის შეუჩერებელი აღმოჩნდა, ჩელსის გარემარბმა ჯერ 37-ე წუთზე გაათანაბრა, 44-ე წუთზე კი მასპინძლები დააწინაურა. ორივე შემთხვევაში ბელგიელს ასისტნტობა ოლივიე ჟრუმ გაუწია.
მაურისიო სარის გაწვრთნილებმა, პირველი ტაიმის მსგავსად, მატჩის მეორე ნახევარშიც ორი ბურთის გატანა შეძლეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. 80-ე წუთზე ედენ აზარი ჰეთთრიკის ავტორი გახდა, ზუსტად სამ წუთში კი ვილიანმა შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 4-1.

მარტივი გამარჯვება მოიპოვა „მანჩესტერ სიტიმაც“. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ეტიჰედზე“, „ფულემს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ლეროი სანემ, დავიდ სილვამ და რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩნეს. „სიტის“ 13 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, „ფულემი“ კი ოთხი ქულით ცხრილის ქვედა ნაწილშია.
სამი ქულა მოიპოვეს „მეთოფეებმაც“. ხაკას და იოზილის გოლებით „არსენალმა“ გასვლაზე „ნიუკასლი“ 2-1 დაამარცხა. მატჩის კომპენსირებულ დროში „კაჭკაჭების“ ცენტრალურმა მცველმა – კიარან კლარკმა, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა, პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. უნაი ემერის გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულა დააგროვა, რაფაელ ბენიტესს კი საქმე კარგად ვერ მისდის. მის გუნდს ხუთი ტურის შემდეგ, მხოლოდ 1 ქულა აქვს მოპოვებული.

პრემიერლიგის მეხუთე ტურის პირველი დღის შედეგები:

ტოტენჰემი – ლივერპული 1-2
ბორნმუთი-ლესტერი 4-2
ჰადერსფილდი-კრისტალ პალასი 0-1
ჩელსი-კარდიფი 4-1
მანჩესტერ სიტი-ფულემი 3-0
ნიუკასლი-არსენალი 1-2

დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა „უოტფორდს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. ჟოზე მოურინიოს გუნდს გასვლაზე საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ელოდება. „უოტფორდს“ ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო, პორტუგალიელ სპეციალისტს კი მანჩესტერში უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. იუნაიტედს ოთხი მატჩის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს.