ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - შუმახერი ბრძოლას აგრძელებს
ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი - შუმახერი ბრძოლას აგრძელებს

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა პარიზში “ავტოსპორტის დიდების დარბაზის” გახსნის ცერემონიაზე ემოციური და გულწრფელი სიტყვები წარმოთქვა ლეგენდარული მრბოლელის მიხაელ შუმახერის შესახებ.

“ფერარის” ყოფილმა შეფმა გამოაცხადა, რომ ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი და მისი მეგობარი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს.

„ჩვენ გვაკლია მიხაელი, მაგრამ ის აგრძელებს ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ აქ იმყოფება საბინა კემი, რომელიც დღეს წარმართავს შუმახერის ოჯახის საქმეებს. ვისურვებდი, რომ ჩვენთან ყოფილიყო მიხაელის ვაჟი მიკი, მაგრამ ის ესპანეთში ტესტებზე იმყოფება, ხოლო მეუღლე კორინა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ბრძოლა გრძელდება. მიხაელი უნიკალური ადამიანია, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტოსპორტში. ის ჩემთვისაც განსაკუთრებულია, რადგან ჩემი მეგობარია”,- განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

მიხაელ შუმახერი, ისევე, როგორც ფორმულა 1-ის ყველა ჩემპიონი, სამშაბათს, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გერმანელმა პილოტმა ზუსტად ოთხი წლის წინ, თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადის.

ამასთან, თითქმის არაფერია ცნობილი მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.