ავთო ებრალიძე კარიერას „გონიოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ავთო ებრალიძე 17-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და „გონიოში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ავთო ებრალიძე „გონიოს“ ფეხბურთელია. მან პორტუგალიის უმაღლეს და პირველ ლიგებში 260 თამაში ჩაატარა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც, გამოცდილების გარდა, გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით. კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა პორტუგალიის მესამე დივიზიონში და იმავე წელს გუნდს ზედა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.
ავთო „გონიოსთან“ ერთად დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს! ჩვენი გუნდის ამბიციებმა და მიზნებმა დიდი როლი ითამაშა ქართველი ნახევარმცველის სამშობლოში დაბრუნებაში. წინ დიდი გამარჯვებებისკენ! კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს გუნდში, ავთო! მადლობა გეგი კიკაბიძეს, მისი წყალობით შედგა ჩვენთვის სასურველი ტრანსფერი“, – წერია „გონიოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ავთო ებრალიძემ კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2008 წელს პორტუგალიაში გადავიდა, სადაც ითამაშა „ესპერანსა დე ლაგოსში“, „ხუვენტუდ ევორაში“, „ჟილ ვისენტეში“, „აკადემიკა ვიზეუში“, „ჩავესში“ და „ნაციონალში“. შემდეგ დაემატა რუმინულ „ვოლუნტარს“, კვიპროსულ „დოქსას“ და „ანორთოსისს“, ბოლოს კი ისევ პორტუგალიაში გამოდიოდა – „ლეიშოეშსა“ და „ლუზიტანიაში“.
2013 წლის 6 ოქტომბერს ებრალიძე პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მისი დებიუტი 15 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან შოთა გრიგალაშვილი 70-ე წუთზე შეცვალა. სულ ნაკრების რიგებში სამი შეხვედრა ჩაატარა.