ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ევროპის თასზე იასპარეზებენ
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი ევროპის თასზე იასპარეზებენ

1-2 სექტემბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, ძიუდოისტთა ევროპის თასი გაიმართება. როგორც ცნობილია, ტურნირზე სამი ქართველი იასპარეზებს: 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბექა ღვინიაშვილი გამოვლენ. განსაკუთრებულ ინტერსს სწორედ ამ ორი სპორტსმენის ასპარეზობა იწვევს, რადგანაც შესაძლოა ამ ტურნირის შედეგების მიხედვით გადაწყდეს, ვინ გაემგზავრება ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაქოში, რომელიც 20-27 სექტემბერს გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტით წარდგება. უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია ერთ-ერთი სპორტსმენის ვინაობა, ვინც ბაქოში პლანეტის პირველობაზე გაემგზავრება. უშანგი მარგიანს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლით ფაქტობრივად, განაღდებული აქვს ბაქოში ასპარეზობა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს აღნიშნულ წონაში მეორე სპორტსმენზე, ჯერ არჩევანი არ გაუკეთებიათ. სწორედ ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი არიან ძირითადი კონკურენტები და ისინი იბრძოლებენ ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად.

რამდენიმე დღის წინ, ავთანდილ ჭრიკიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს და სპორტსმენებს უთანასწორო პირობებში უწევთ კონკურენცია. ჭრიკიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ წონაში სწორედ ის იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას და არა ბექა ღვინიაშვილი. გავრცელებულ განცხადებაში ასევე ჭრიკიშვილი ითხოვს ბექა ღვინიაშვილთან ტატამზე შეხვედრას, რათა მათ შორის უძლიერესი გამოვლინდეს.

ბრატისლავაში გასამართ ევროპის თასზე კიდევ ერთი ქართველი, 73 კილოგრამ კატეგორიაში, ისლამ ქავთარაშვილი გამოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ევროპის თასის გათამაშებაზე რა ეტაპზე შეხვდებიან ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი. სატურნირო ბადე ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაირკვევა.

 

ბექა ღვინიაშვილსა და ავთანდილ ჭრიკიშვილს შორის 2017 წელს გამართული ფინალი 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, რომელშიც გამარჯვებული ღვინიაშვილი დარჩა.