ავთანდილ ასათიანი - ყველა მოთამაშე უნდა გამოვცადოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში საუკეთესოები მოხვდნენ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ყველა მოთამაშე უნდა გამოვცადოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში საუკეთესოები მოხვდნენ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში სერბეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ – 1:1 დასრულდა.

მატჩი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა შეაფასა:

„სერბეთი მსოფლიოს ტოპ-გუნდად ითვლება და რაც უფრო მეტ ასეთ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენთვის კარგი იქნება. მეორეს მხრივ, კარგი ისაა, რომ შედეგზე თამაშს ვსწავლობთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები. წინ კიდევ სამი მატჩია და საქმეში აუცილებლად ყველა მოთამაშე უნდა ვნახოთ. ევროპის ჩემპიონატამდე თვენახევარია დარჩენილი და უნდა ვნახოთ, ვინაა მზად, რათა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში საუკეთესოები მოხვდნენ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

კომენტარი გააკეთა ნაკრების მოთამაშე ირაკლი თოდუამაც:

„კარგია, რომ უკვე ასეთ ნაკრებთან თამაშის საშუალება გვაქვს და ჩვენს ძალებს ვცდით. ევროპის ჩემპიონატამდე ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა. განვიხილავთ და გავაანალიზებთ მატჩს, მწვრთნელები შენიშვნებს მოგვცემენ და ვეცდებით, მეორე შეხვედრაში შეცდომები გამოვაწოროთ“.

საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა მეორე დაპირისპირება 18 დეკემბერს 18:00 საათზე კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.