ავთანდილ ასათიანი - ვიცი, მოგებამ საქართველოს რა სიხარულიც მოუტანა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ვიცი, მოგებამ საქართველოს რა სიხარულიც მოუტანა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანმა ევრო 2022-ზე აზერბაიჯანთან სადებიუტო შეხვედრის გამარჯვება შეაფასა. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„გილოცავთ! ვიცი, რა სიხარულიც მოუტანა მოგებამ საქართველოს. გვჯეროდა ამ გამარჯვების და არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი მოედანზე იგრძნობოდა.

მთავარია, რომ ბიჭებმა ორი გაშვებული გოლის შემდეგ სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს.

ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება.

ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ“.

ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევრო 2022-ზე D ჯგუფის მეორე ტურში 26 იანვარს საქართელოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო აზერბაიჯანი – ესპანეთს.