ავთანდილ ასათიანი - შევეცდებით, ფინალურ სერიაში მესამე მატჩი გაიმართოს
ავთანდილ ასათიანი - შევეცდებით, ფინალურ სერიაში მესამე მატჩი გაიმართოს

„დამარცხებაზე მეტად იმაზე ვდარდობთ, რომ ფინალურ სერიაში ვახტანგ ჯვარაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მისი სახით დიდი ძალა გამოგვაკლდა“, – ეს ფუტსალში „თელასის” მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან 1:2 წაგების შემდეგ განაცხადა.

ასათიანის თქმით, გუნდი განმეორებით შეხვედრაში მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება: „თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდი იმ დეტალს ვეძებდით, რომელიც მატჩის ბედს გადაწყვეტდა. საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. შევეცდებით, ფინალურ დაპირისპირებაში მესამე მატჩი გახდეს საჭირო“.

მისი თქმით, წელს „თელასი“ საგრძნობლად დასუსტდა:

„ბევრჯერ მითქვამს, გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს. კარგია, რომ ფინალამდე მოვედით. თსუ-ს სახით საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ფინალს თავისი ემოციები ახლავს და დაძაბულობაც მატულობს“.

ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიაში „თელასი“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მეორე შეხვედრას 17 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ. „თელასის“ გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად საჭირო გახდება მესამე მატჩის ჩატარება.