ავთანდილ ასათიანი - სეზონისთვის მოსამზადებლად მცირე დროა, მაგრამ მთავარია, რომ ჩემპიონატს ვიწყებთ
ავთანდილ ასათიანი - სეზონისთვის მოსამზადებლად მცირე დროა, მაგრამ მთავარია, რომ ჩემპიონატს ვიწყებთ

Covid19-ის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფუტსალის გუნდები დარბაზებს დაუბრუნდნენ და ვარჯიშები განაახლეს.

საქართველოს ფუტსალის ლიგა მე-12 ტურის მატჩებით 25 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განახლდება. სეზონის დარჩენილი შეხვედრები შემჭიდროვებულ ვადებში გაიმართება. პლეი ოფები 5 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის თამაშები 14 და 17 აგვისტოს გაიმართება. გადამწყვეტი მატჩის საჭიროების შემთხვევაში კი ეს შეხვედრა 19 აგვისტოს დაიგეგმა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩემპიონატის დებულება შეიცვალა. ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს – ხოლო ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები პლე ოფში ერთ მოგებამდე იბრძოლებენ. ფუტსალის ლიგის თასი კი წელს არ გათამაშდება. ძალაში რჩება შეზღუდვები და თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

სეზონისთვის მზადება დაიწყო საქართველოს ჩემპიონმა „თელასი ჯეორჯიანსმა“, რომელიც საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდია. გუნდი ვერის პარკში მდებარე საკალათბურთო დარბაზში ემზადება.

„5 თვე გავიდა, რაც დარბაზში აღარ გვივარჯიშია. ჩემპიონატის განახლებამდე სულ 9 დღეა დარჩენილი, რაც სეზონისთვის მოსამზადებლად მცირე დროა, მაგრამ ამას შეგუებულები ვართ და მთავარია, რომ ჩემპიონატს ვიწყებთ. იმედია, მოთამაშეები ფორმაში შევლენ. ჩვენი გუნდის საქართველოს ჩემპიონია. ტიტულის შენარჩუნება ყოველთვის რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ამის ძალა შეგვწევს“, – ამბობს „თელასის“ და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

გიორგი სოზაშვილი, „თელასის“ მოთამაშე: „პანდემიის პერიოდში ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალურად ვცდილობდით. მერე გუნდმა ფიზიკური მომზადება დაიწყო, დარბაზში კი ახლა შემოვედით და ბავშვებივით გვიხარია, ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ სეზონს რომ ვიწყებთ“.

ფუტსალის ლიგა, 25 ივლისი, თბილისის ოლიმპიური სასახლე.

თბილისი – მართვე (ქუთაისი)

ილიაუნი – თსუ

თელასი – ბსუ