ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ფუტსალის ნაკრებს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა ევრო 2026-ის მეინრაუნდის ბოლო მატჩზე, რომელსაც საქართველოს ნაკრები 16 აპრილს საფრანგეთთან თბილისში გამართავს.
„მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან ნაკრებთან რთული მატჩი გველის. ასეთი შეხვედრები ჩვენს მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს. პირველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვეცდებით.
პლეი ოფის საგზურის განაღდება ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენას უზრდის. ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდში ისეთი მძიმე შეხვედრა, როგორიც კოსოვოსთან გვქონდა, არ მახსენდება. ამ შეხვედრაში გამოვლენილი ბრძოლისუნარიანობისთვის, მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო.
ქართული ფუტსალი სწორი გზით ვითარდება. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების ფორმით თამაშობენ, ვფიქრობ, კარგი მომავალი აქვთ. ამ გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.