ავთანდილ ასათიანი - რუსეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ არაფერს დავთმობთ
ავთანდილ ასათიანი - რუსეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ არაფერს დავთმობთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ რუსეთთან ევროშესარჩევის შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც დღეს ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

„გუნდში საბრძოლო განწყობაა. სამწუხაროდ, დაგვაკლდა სიმი საიოტი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ძალაა. ის იმდენად მძიმედ დაშავდა, ინდივიდუალურ ვარჯიშს მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ დაიწყებს, ანუ მთელი შესარჩევი ეტაპი დაგვაკლდება. ასევე ვერ დაგვეხმარება ვიცე-კაპიტანი ირაკლი თოდუა. შეკრება 6 დღეა დავიწყეთ და ვფიქრობდით, საიოტი როგორ ჩაგვენაცვლებინა და მგონია, რომ საინტერესო გადაწყვეტილებამდე მივედით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი გვქონდეს და საბოლოოდ იმ ორ გუნდს შორის მოვხვდეთ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ავთანდილ ასათიანმა.

მან მეტოქეზე ილაპარაკა: „რუსეთი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფავორიტია. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია და დღეს უძლიერესი შემადგენლობით გვეთამაშება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმეს დათმობას ვაპირებთ. მეორე ადგილისთვის ჩვენ, საფრანგეთი და სომხეთი ვიბრძოლებთ. საფრანგეთიც ძლიერი გუნდია და ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი განიცადა. ჩვენ ერთი წელი ამ პანდემიის გამო ვერ ვთამაშობდით და მიმაჩნია, რომ მათთან გასვლაზე ფრე დადებითი შედეგი იყო. თუმცა, გამოჩნდა, რომ ჩვენ მეორეზე გასვლა შეგვიძლია“.

ასათიანმა არ დამალა, რომ პანდემიის შემდეგ მზადების პრობლემა არსებობდა: „ძნელი იყო, რადგან ერთი წლის უთამაშებლები პირდაპირ საფრანგეთში წავედით. მაგრამ ახლა ამაზე წუწუნი არასწორი იქნება. რთულ მდგომარეობაში სულ გამოსავალი უნდა ვეძებოთ. საქართველოს ჩემპიონატის ადრეული დაწყებაც კარგი იყო, ორი ტური ჩატარდა და ვინც ჩვენს ჩემპიონატში თამაშობს, ფორმაში შესვლაში დაეხმარა. ფუტსალის ლიგიდან ორი ახალგაზრდა დავიმატეთ და ჩანს, რომ მომავალი თაობები მოდიან, ნაკრებში კი დიდ გამოცდილებას მიიღებენ“.