ავთანდილ ასათიანი - მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ | ფუტსალი
ავთანდილ ასათიანი - მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ | ფუტსალი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩამდე, რომელიც 2 თებერვალს არის დაგეგმილი, კომენტარი ავთანდილ ასათიანმა გააკეთა. საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მეტოქეს აფასებს, მაგრამ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავა.

28 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდმა არასრული შემადგენლობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშა. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი – ირაკლი თოდუა და ელისანდრო დედაქალაქში მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვლენ.

„რუსეთის წინააღმდეგ რთული თამაში გველის, თუმცა, ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველა გუნდს აქვს მინუსები და ჩვენ სწორედ ისინი უნდა ვიპოვოთ მსოფლიოს ვიცეჩემპიონის თამაშში. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის დანაკლისზე ილაპარაკა: „სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში ვერ დაგვეხმარება სიმი საიოტი, რომელიც ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მძიმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა. ვეცდებით, რომ სიმი ღირსეულად შევცვალოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.