ავთანდილ ასათიანი - მე უფრო ველოდები ევროპის ჩემპიონატს, ვიდრე ჩემი ბავშვები - თოვლის ბაბუას #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - მე უფრო ველოდები ევროპის ჩემპიონატს, ვიდრე ჩემი ბავშვები - თოვლის ბაბუას #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი იყო, რომელმაც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები „დ“ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ნაკრებები.

ავთანდილ ასათიანი: „წინასწარ ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გახარებული ვერ დავრჩებოდით, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი ნაკრებები გამოდიან. მე არ ვიცი, დანარჩენი სამი ჯგუფიდან რომელში მოხვედრა გამიხარდებოდა ან მეწყინებოდა.

– ჩვენი ჯგუფში ძალიან ძლიერია და სამივე მეტოქედ სხვადასხვა სტილის ნაკრები შეგვხვდა. ყველა მათგანთან ცალ-ცალკე ტაქტიკური მომზადება დაგვჭირდება. კარგად უნდა მოვემზადოთ. კარგი შანსი გვაქვს, რომ ელიტაში თავი წარმოვაჩინოთ. ვნახოთ, აბა, ამ ტოპ-ნაკრებებში რა დონეზეა საქართველოს ნაკრები. ამხელა ემოცია ახლავს ასეთ ტურნირს და ღმერთმა არ ქნას, რომ რაღაც არ გამოგვივიდეს ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ფეხბურთელები არ უნდა ჩავქოლოთ, მაგრამ ჩვენ წესით ზედმეტი ემოციური სტრესი მოხსნილი უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენი ოცნება ავიხდინეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით. ვხუმრობ, მე უფრო ველოდები ევროპის ჩემპიონატს, ვიდრე ჩემი ბავშვები – თოვლის ბაბუას-მეთქი. ისეთი გრძნობა მაქვს, ვერ აღვწერ“.