ავთანდილ ასათიანი - ლიეტუვასთან გვაქვს საშუალება, ექსპერიმენტები ჩავატაროთ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ლიეტუვასთან გვაქვს საშუალება, ექსპერიმენტები ჩავატაროთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ლიეტუვასთან დაგეგმილ ორ ამხანაგურ მატჩზე, რომლებიც 3 და 4 ივნისს თბილისში გაიმართება. 

ჩვენმა ნაკრებმა არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება და ფინალური ეტაპისთვის მზადებას ამ მატჩებით იწყებს. ავთანდილ ასათიანმა ძირითადი აქცენტი საქართველოს ფუტსალის ლიგის მოთამაშეებზე გააკეთა.

„ასეთი ამხანაგური თამაშები კარგია, რადგან მწვრთნელებს მეტი ფეხბურთელის ნახვის საშუალებას მოგვცემს, რომელთან ნაკრებში ნაკლები თამაში უწევთ. მეორეც – შეგენბულად გავაკეთეთ აქცენტი საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფუტსალელებზე, რადგან აუცილებელია, რომ მათ მეტი სტიმული ჰქონდეთ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ავთანდილ ასათიანი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კონკურენციის გაზრდის აუცილებლობაზეც ილაპარაკა: „ნაკრებში კონკურენცია გაზრდილია, ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის იანვარშია და ჩვენთვისაც კარგია ვნახოთ, ამხანაგურ მატჩებში თავს ვინ გამოიჩენს. ამის საშუალება კი ოფიციალურ თამაშებში არ გვეძლევა, რადგან ამ დროს თამაში ტაბლოზე გვიწევს. ახლა კი გვაქვს საშუალება, ბევრი ექსპერიმენტი ჩავატაროთ“.

საქართველოსა და ლიეტუვას ფუტსალის ნაკრებთა ამხანაგური მატჩები 3 და 4 ივნისს გაიმართება. ორივე შეხვედრა 18:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.