ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრებს 2027 წლამდე გაწვრთნის #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი ფუტსალის ნაკრებს 2027 წლამდე გაწვრთნის #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ასათიანი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2027 წლის ჩათვლით იმუშავებს.

ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009 და 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი ამ თანამდებობაზე უწყვეტად მუშაობს – ეს ჩვენი ფუტსალის ეროვნული გუნდისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდია.

2022 წელს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე – ნიდერლანდებში გამართულ ტურნირზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა, რეიტინგში კი პირველ ათეულში დაწინაურდა.

ცნობილია ეროვნულ ნაკრებში ავთანდილ ასათიანის ასისტენტების ვინაობაც – ისევე როგორც წინა პერიოდში, მას ამჯერადაც არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე დაეხმარებიან. მათ გარდა, სამწვრთნელო შტაბს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რონინიოც დაემატა, რომელმაც სანაკრებო კარიერა ახლახან დაასრულა.