ავთანდილ ასათიანი - ჩვენი მიზანი შემდეგი ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე მეორე კალათაში მოხვედრაა #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანი - ჩვენი მიზანი შემდეგი ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე მეორე კალათაში მოხვედრაა #1TVSPORT

ავთანდილ ასათიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიზნებზე ილაპარაკა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ევრო2022-ის ფინალურ ეტაპზე „დ“ ჯგუფში (სადაც ჩვენი მეტოქეები არიან ესპანეთის, აზერბაიჯანისა და ბოსნიის ნაკრებები) მაქსიმალური ქულები უნდა დავაგროვოთ, რათა ნაკრები უკეთეს კალათაში მოხვდეს.

ავთანდილ ასათიანი: „სულ მალე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშები დაიწყება. უკვე გაკეთებული გვაქვს ის საქმე, რომ ქვედა დივიზიონიდან აღარ დავიწყებთ. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, გერმანიისა და შვეიცარიის ჯგუფებიდან უკვე ამოვედით. უკვე პირდაპირ ზედა ჯგუფში ვართ.

– ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ის იქნება, რომ ქულების მაქსიმუმი მოვიპოვოთ და იქნებ, იმას მივაღწიოთ, რომ შემდეგი ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე მეორე კალათაში მოვხვდეთ. ეს იქნება საოცარი საქმე, რაც წინსვლაში ძალიან დაგვეხმარება. ეს იმიტომ მინდა, რომ შესარჩევ ეტაპზე ქვედა ორ კალათის გუნდებთან თამაში საქმეს ბევრად უფრო შეგვიმსუბუქებს და იქნებ, ევროპის ჩემპიონატზე შედარებით ადვილად მოვხვდეთ. ილუზია არ მაქვს, მაგრამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომ დიდი სამუშაოა, ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული.

ნოემებრის „ფანჯრიდან“ ჩასატარებულ შეხვედრებში ძირითადი კონტიგენტის თამაში გვსურს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასაყვან შემადგენლობასთან მიახლოებული გუნდი უნდა გვყავდეს. დეკემბერში მაქსიმალურ ბევრ მოთამაშეს გამოვიძახებთ. მიხარია, რომ ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ამის გარეშე საერთოდ ვერაფერს გავაკეთებთ. – ტოპ-ნაკრებს ვეძებთ, რომ 17-18 დეკემბერს შევხვდეთ, რადგან ჩვენი ხარვეზები მინდა დავინახოთ. ხოლო 21-22-ში თბილისში ყირგიზეთთან მატჩი უკვე დაგეგმილია.

– შესაძლოა, შემადგენლობა ორად გავყოთ და ამხანაგურები ისე ვითამაშოთ. საბოლოო შემადგენლობა ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ნატურალიზებული ფეხბურთელები ძლიერ ლიგებში თამაშობენ, თამაში ყველას უწევს და იმედია, ევროპის ჩემპიონატისთვის ყველა მზადყოფნაში იქნება. ახლა ჩვენ ლიფტში ვართ და ზემოთ უნდა ავიდეთ“.