ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლები თვითიზოლაციის პირობებში იმუშავებენ
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლები თვითიზოლაციის პირობებში იმუშავებენ

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლები თვითიზოლაციის პირობებში იმუშავებენ. მათ ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღეს. მათ კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს და შედეგი ნეგატიური იყო.

როგორც თანამშრომლებმა განაცხადეს, ვირუსისგან დასაცავად ერთადერთ გზას ერთობლივ თვითიზოლაციაში ხედავენ. შესაბამისად, ისინი ვენაში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, იზოლირებულ ოთახში 24 საათის განმავლობაში დარჩებიან. მათ სამუშაო ოთახში არავის შეუშვებენ და გარეთაც არავინ გავა. ყოველდღიურ საკვებს მათ კარებთან დაუტოვებენ. 180 თანამშრომელი უზრუნველყოფს, რომ ახალი ამბების გაშუქება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ავსტრიელებს ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში მივაწოდოთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ტელევიზია, რადიო და ვებგვერდი მუშაობდეს შეუფერხებლად. სწორედ ამიტომ მივიღეთ ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში უპრცედენტო ზომები, რისთვისაც ჩვენ თანამშრომლებს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდერ ვრაბეცმა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ერთადერთი კომპანია, რომლის თანამშრომლებიც ერთობლივ თვითიზოლაციაში არიან. მანამდე ასევე მოიქცა ადგილობრივი ელექტროენერგიის ოპერატორი კომპანიის კუთვნილი რამდენიმე ქვესადგურის თანამშრომელი, რათა მოსახლეობამ დენი შეუფერხებლად მიიღოს.