ავსტრიის ნაკრების ლეგენდა - „შტურმის“ გული კიტეიშვილია, მაგრამ ის არ თამაშობს #1TVSPORT 
ავსტრიის ნაკრების ლეგენდა - „შტურმის“ გული კიტეიშვილია, მაგრამ ის არ თამაშობს #1TVSPORT 

ავსტრიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ტონი პოლსტერმა, რომელსაც „სევილიაში“, „ლოგრონიესსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უთამაშია, ევროპის ლიგაში გრაცის „შტურმის“ შანსები გაანალიზა და ყურადღება განსაკუთრებით ქართველ ლეგიონერზე, ოთარ კიტეიშვილზე და გუნდში მის როლზე გაამახვილა.

„ჩემი აზრით, გრაცის „შტურმის“ „გული“ ოთარ კიტეიშვილია, მაგრამ ტრავმირებულია და ეს გრაცელების წარმატების შანსს ამცირებს. მე არ დავივიწყებდი კელვინ იებოას და იაკობ იანტჩერსაც – ისინი კარგი მოთამაშეები არიან“, – ამბობს ტონი პოლსტერი. ის ამტკიცებს, რომ ავსტრიელებს არაფერი აქვთ დასაკარგი:

„სწორედ ეს ფაქტორია, რაც ევროპის ლიგაზე „შტურმს“ საშიშს ხდის. ამავე დროს, გრაცელებს ძალიან ემოციური გულშემატკივარი ჰყავს. საერთოდ, ავსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფანები არიან, რომლებმაც მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა იციან“.

57 წლის ტონი პოლსტერი ავსტრიის ნაკრებში 1990 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე იყო. 1987 წელს „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა და ავსტრიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ესპანურ საკლუბო ფეხბურთში 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ეპოქა შექმნა. „სევილიაში“ 1989/90 წლების სეზონში 33 გოლი გაიტანა. უთამაშია „ლოგრონესსა“ და „რაიო ვალეკანოში“.

დღეს პოლსტერი მესამე დივიზიონის ავსტრიის რეგიონალური ლიგის გუნდის „ვინერ ვიქტორიას“ მწვრთნელია.