ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში ვიზიტი გააუქმა
ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშის აღმართვის გამო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში ვიზიტი გააუქმა

ავსტრიის მთავრობის შენობის თავზე აღმართული ისრაელის დროშის გამო, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა ვენაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოჰამად ჯავად ზარიფს დაგეგმილი ჰქონდა მოლაპარაკებების ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შალენბერგთან, თუმცა ირანელმა დიპლომატმა ვიზიტი გააუქმა.

„ჩვენ ვწუხვართ ამის გამო და ცნობად ვიღებთ ამას, თუმცა ჩვენთვის ნათელია, როგორც დღე, რომ როდესაც „ჰამასი“ ისვრის ორი ათასზე მეტ რაკეტას ისრაელში სამოქალაქო სამიზნეების მისამართით, ჩვენ არ დავრჩებით გაჩუმებულები“, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

როგორც ირანული სააგენტო „ისნა“ წერს, ზარიფმა ავსტრიაში ვიზიტი არამიზანშეწონილად მიიჩნია.

14 მაისს ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცელარიის თავზე ისრაელის დროშის აღმართვა ისრაელისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა, ძალადობის ამჟამინდელი გამწვავების ფონზე.