ავსტრიაში საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრი გაიხსნა
ავსტრიაში საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრი გაიხსნა

ავსტრიაში საქართველოს საელჩოს შენობაში თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი საკონსულო მომსახურების ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოინახულა. ცენტრი აღჭურვილია საკონსულო მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკით. ე.წ. ფრონტ-ოფისს ერთდროულად ორი მოქალაქის მიღება შეუძლია.

საკონსულო ცენტრში დაცულია უსაფრთხოების საჭირო სტანდარტები. მოსაცდელი  და მისაღები სივრცე მორგებულია მოქალაქეთა საჭირო მოთხოვნებს. როგორც ცენტრის მონახულებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფოს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გააუმჯობესოს ადგილზე მოქალაქეთა მომსახურება. სწორედ ამიტომ, საგარეო უწყება გადადის საკონსულო მომსახურების თანამედროვე ცენტრების შემოღებაზე, რაც ეტაპობრივად ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დამკვიდრდება.

საკონსულო ცენტრის მონახულებისას მინისტრმა დაათვალიერა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა და გაესაუბრა თანამშრომლებს.