ავსტრიაში დერბი ქართველების გარეშე გაიმართა - ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT
ავსტრიაში დერბი ქართველების გარეშე გაიმართა - ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ესპანეთის თასზე „ვარეასთან“ მატჩი 3:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა 1/64-ფინალური შეხვედრა სტუმრად დაბალი ლიგის (ესპანეთის ტერსერა RFEF) გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა.

კლასში დიდი სხვაობის მიუხედავად, „ლევანტეს“ „ვარეას“ წინააღმდეგობის დაძლევა პირველ ტაიმში გაუჭირდა, თუმცა უგოლოდ დასრულებული 45 წუთის შემდეგ, „ლევანტემ“ მეორე ნახევარში სამი გოლი გაიტანა. ქოჩორაშვილი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

ავსტრიის თასის 1/8-ფინალში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ლევან ელოშვილის „გრაცმა“ გრაცის მეორე გუნდს, ოთარ კიტეიშვილის „შტურმს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

23-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილმა მეორე ლიგის „გრაცმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერ „შტურმს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. „შტურმმა“ გამარჯვების გოლი მხოლოდ 84-ე წუთზე გაიტანა. არცერთ ქართველს არ უთამაშია. ელოშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო კიტეიშვილი ტრავმირებულია.

თასის გათამაშებას გამოეთიშა სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“, რომელიც ლიგა 2-ის „ლეობენს“ ესტუმრა და მოულოდნელად,პენალტების სერიაში (1:1 ძირითადი დრო) დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მწვრთნელმა დაასვენა.