ავსტრია თავშესაფრის მაძიებელთა შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე ლიმიტის დაწესებას აპირებს
ავსტრია თავშესაფრის მაძიებელთა შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე ლიმიტის დაწესებას აპირებს

ავსტრიის ხელისუფლება თავშესაფრის მაძიებელთა შრომის საათობრივ ანაზღაურებაზე ლიმიტის დაწესებას აპირებს. როგორც „ეურაქტივი“ წერს, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ თავშესაფრის მაძიებლებმა  სამი თვის განმავლობაში, როდესაც მათი განაცხადის განხილვა მიმდინარეობს, ანაზღაურების სახით, საათში მაქსიმუმ 1,5 ევრო მიიღონ.

თავშესაფრის მაძიებელთა შრომისა და ხელფასის საკითხის შესახებ დავა 2015 წლიდან მიმდინარეობს. დღეს მოქმედი კანონით, თავშესაფრის მაძიებლებს განაცხადის შევსების შემდეგ, სამი თვე დასაქმების უფლება არ აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ უფლება აქვთ მხოლოდ სამთავრობო უწყებებში და ისიც დამხმარეს პოზიციაზე იმუშაონ. რაც შეეხება მებაღეობას ან სხვა საოჯახო სამსახურს, ანაზღაურების ოდენობას მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

თუმცა, როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, მუნიციპალიტეტები ხშირად არღვევდნენ კანონს და მიგრანტებს საათობრივ ანაზღაურებაზე დაწესებულ ლიმიტზე მეტს უხდიდნენ. მისი მოთხოვნაა, ავსტრიის მასშტაბით მოქმედებდეს ერთიანი საათობრივი ანაზღაურება.

ინიციატივას ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 1,5 ევრო საათში ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და მთავრობა თავშესაფრის მაძიებლებს ფაქტობრივად უფასოდ მუშაობას აიძულებს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიგრანტებს მათი განაცხადის განხილვის პერიოდში დასაქმების უფლება არა მხოლოდ სამთავრობო, არამედ კერძო კომპანიებშიც უნდა შეეძლოთ.