ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩის მამას უპასუხა #1TVSPORT
ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩის მამას უპასუხა #1TVSPORT

ავსტრალიის შტატ ვიქტორიას სპორტის მინისტრმა მარტინ პაკულამ კომენტარი გაუკეთა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამის სრდჯან ჯოკოვიჩის სიტყვებს. ცოტა ხნის წინ, უფროსმა ჯოკოვიჩმა აღშფოთება გამოთქვა ავსტრალიის ღია პირველობაზე კორონავირუსის აუცილებელი ვაქცინაციის გამო და განაცხადა, რომ ასეთი შანტაჟის პირობებში ნოვაკი, სავარაუდოდ, არ ითამაშებს ავსტრალიაში.

„თუ თქვენ უცხოელი ჩოგბურთელი ან უცხოელი სპორტსმენი ხართ, გეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების მიმართ, რომელშიც მიგიწვიეს. აი, რატომ ვთხოვთ ჩოგბურთის უცხოელ ვარსკვლავებს დაემორჩილონ იმ წესებს, რასაც ვიქტორიას შტატის მაცხოვრებლები იცავენ. ლაპარაკი არ არის შანტაჟზე. ლაპარაკია იმაზე, რომ დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ ვიქტორიას შტატის ყველა მაცხოვრებელი უსაფრთხოდაა.

მინდა სიცხადე შევიტანო: მართლაც ვიმედოვნებ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი აცრილია და გამოვა ავსტრალიის ღიაზე. მაგრამ თუ მან უარი განაცხადა, ეს მისი საქმეა“, – მოჰყავს პაკულას სიტყვები ABC-ს.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს დღემდე არ გაუმხელია თავისი სტატუსი ვაქცინაციასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ის აცრილი არ არის.

ავსტრალიის ღია პირველობა 2022 წლის 17-30 იანვარს გაიმართება. ადრე გამოცხადდა, რომ ტურნირზე მხოლოდ ვაქცინირებულ ჩოგბურთელებს დაუშვებენ.