ავსტრალიის ღიაზე ტრიუმფის შემდეგ ნადალი ტურს მძლავრად დაუბრუნდა #1TVSPORT
ავსტრალიის ღიაზე ტრიუმფის შემდეგ ნადალი ტურს მძლავრად დაუბრუნდა #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. „დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონი მექსიკაში აკაპულკოს ტურნირში ჩაერთო და პირველ წრეში იოლად დაამარცხა ამერიკელი დენის კუდლა – 6:3, 6:2. შეხვედრა საათი და 17 წუთი გაგრძელდა.

ნადალმა უმაღლესი დონის თამაში აჩვენა – რვა ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, პირველ მოწოდებაზე 27-დან 26 ქულა მოიგო, მეორეზე – 13-დან 10. ბუნებრივია, კუდლა მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდე. ნადალმა ხუთიდან სამი ბრეიკპონტის გამოყენება შეძლო.

ახლა ესპანელს, რომელიც აკაპულკოს ტურნირის სამგზის ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში 11-დან 11 მატჩი აქვს მოგებული.

ამ მოგებით ნადალი, რომელიც მეოთხე ნომრად არის განთესილი, მერვედფინალში გავიდა, სადაც ნაკლებად ცნობილ ამერიკელს სტეფან კოზლოვს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს აჯობა.