ავსტრალიის ღიაზე ბასილაშვილი პირველი წრის შეხვედრას სამშაბათს, დილის 7:30-ზე დაიწყებს
ავსტრალიის ღიაზე ბასილაშვილი პირველი წრის შეხვედრას სამშაბათს, დილის 7:30-ზე დაიწყებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე სტარტს სამშაბათს აიღებს. მისი პირველი წრის შეხვედრა ამერიკელი ტომი პოლის წინააღმდეგ თბილისის დროით დილის 7 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.

ტომი პოლი მსოფლიოს 53-ე ჩოგანია. წელს მან ATP-ის დონეზე დელრეი ბიჩის ტურნირზე ითამაშა და პირველი წრე გაიარა, მაგრამ მეორეში თანამემამულე სებასტიან კორდასთან დამარცხდა.

პროფესიულ ტურში ის 2015 წლიდან თამაშობს. ამ წელს მან იუნიორებს შორის როლან გაროსი მოიგო და აშშ-ის ღია პირველობის ფინალამდე მიაღწია, სადაც თანამემამულე ტეილორ ფრიტცთან დამარცხდა.

2020 წელი საუკეთესო იყო ჩოგბურთელის კარიერაში – მან 15 მატჩი მოიგო, მათ შორის, აკაპულკოს ტურნირზე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა. შარშან, ავსტრალიის ღიაზე პოლმა მესამე წრეში გასვლა მოახერხა – პირველ წრეში მოუგო მაიერს, მეორეში – დიმიტროვს.

ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის თანახმად, ბასილაშვილი მსოფლიოს მე-40 ჩოგანია. 2021 წელს მან ორ ტურნირში მოასწრო თამაში: ანტალიაში ორი თამაში მოიგო და მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ წააგო ავსტრალიელ ალექს დე მინორთან, მელბურნში კი პირველივე წრეში დამარცხდა ნაკლებად ცნობილ ესპანელთან მარიო ვილელია მარტინესთან.