ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები სერენა უილიამსს განსაკუთრებულ პირობებს უმზადებენ
ავსტრალიის ღიას ორგანიზატორები სერენა უილიამსს განსაკუთრებულ პირობებს უმზადებენ

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა კარანტინის სპეციალური პირობები მოამზადეს მამაკაცთა და ქალთა რეიტინგების TOP3 ჩოგბურთელებისთვის. ასევე პრივილეგირებულების სიაში მოხვდა „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი, მიუხედავად იმისა, რომ ის კლასიფიკაციის ტოპ-ათეულშიც არ შედის.

გამოცემა Indiatimes-ის მონაცემებით, ამერიკელ ლეგენდასთან ერთად, განსაკუთრებული პირობები ექნებათ რუმინელ სიმონა ჰალეპსა და იაპონელ ნაომი ოსაკას. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ უარი თქვა გაუმჯობესებულ პირობებზე და აუცილებელ კარანტინს სხვებთან ერთად გაივლის.

განსაკუთრებული კარანტინი ნიშნავს იმას, რომ ტოპ-მოთამაშეებს და მათი გუნდის წევრებს უფრო მეტი დრო ექნებათ სავარჯიშოდ. გარდა ამისა, ისინი იცხოვრებენ პატარა, მაგრამ უკეთ დაცულ სასტუმროში.

მამაკაცებში იმ მოთამაშეთა სამეული, რომლებიც ამგვარ პირობებს მიიღებენ – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი არიან.