ავსტრალიის ღია - X დღე - პირველი ფინალისტი პეტრა კვიტოვა გახდა
ავსტრალიის ღია - X დღე - პირველი ფინალისტი პეტრა კვიტოვა გახდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალებში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს ჩეხი პეტრა კვიტოვა, რომელმაც საათსა და 33 წუთში დაამარცხა წლევანდელი ტურნირის მთავარი სენსაცია, ამერიკელი დანიელ კოლინზი – 7:6(2), 6:0.

პირველ სეტში პირველი ბრეიკი ამერიკელმა შეასრულა – ეს მეხუთე გეიმში მოხდა და კოლინზი 3:2 დაწინაურდა. კვიტოვამ მომდევნო გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებს ბრეიკ-პოინტები აღარ ჰქონიათ და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩეხმა იოლად მოიგო – 7:2.

მეორე სეტში კოლინზი უშანსოდ იყო. კვიტოვამ სამი ბრეიკი შეასრულა და ნახევარფინალში სეტი “მშრალი” ანგარიშით მოიგო, რითაც კარიერაში პირველად მოიპოვა ავსტრალიის ღიას ფინალში თამაშის უფლება.

კვიტოვას, ჯერჯერობით, ამ ტურნირზე სეტი არ აქვს წაგებული. საინტერესოა, რომ ჩეხს WTA-ის ტურში ბოლო რვა ფინალი ზედიზედ აქვს მოგებული.
კვიტოვას მეტოქე მოგვიანებით, ჩეხი კაროლინა პლიშკოვასა და იაპონელი ნაომი ოსაკას ნახევარფინალში გაირკვევა.