ავსტრალიის ღია - VIII დღე - ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია
ავსტრალიის ღია - VIII დღე - ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში დათმო სეტი, თუმცა აგრძელებს წინსვლას. რეიტინგის ლიდერი მერვედფინალში რუს დანიილ მედვედევს ეთამაშებოდა, რომელიც მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.

ფავორიტს საკმაოდ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია და გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა. მაგალითად, უფრო მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა, ვიდრე „ვინერსი“ ჰქონდა – 50-43-ის წინააღმდეგ, დაუშვა ხუთი ორმაგი შეცდომა და ერთბაშად ცხრა ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მედვედევს, რომელსაც ამ შანსების რეალიზაცია არ უვარგოდა და მხოლოდ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება – პირველ და მეორე სეტებში, როცა ჯოკოვიჩი ბრეიკით იყო დაწინაურებული. პირველ შემთხვევაში, ჯოკოვიჩმა მეორეჯერაც შეძლო ბრეიკის შესრულება და სეტის მოგება, მეორე პარტიაში კი ტაი-ბრეიკზე დამარცხდა.

თუმცა, მესამე და მეოთხე სეტებში ნოვაკი სრულ უპირატესობას ფლობდა, ორ-ორი ბრეიკი აიღო და სამ საათსა 19 წუთში 6:4, 6:7(5), 6:2, 6:3 მოიგო.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.