ავსტრალიის ღია - VII დღე - ტურნირს მარია შარაპოვა დაემშვიდობა
ავსტრალიის ღია - VII დღე - ტურნირს მარია შარაპოვა დაემშვიდობა

ავსტრალიის ღიაზე დაკომპლექტდა პირველი მეოთხედფინალური წყვილი: ნახევარფინალში გასასვლელად ითამაშებენ ჩეხი პეტრა კვიტოვა და ავსტრალიელი ეშლი ბარტი.

მასპინძელმა ჩოგბურთელმა ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ დაამარცხა რუსი მარია შარაპოვა – 4:6, 6:1, 6:4.
პირველ სეტში შარაპოვამ ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორეში კი ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. ბარტიმ მეტოქის განადგურება მესამე სეტში გააგრძელა – 4:0 დაწინაურდა და ძალიან მიუახლოვდა კარიერაში პირველ მეოთხედფინალს. მაგრამ შარაპოვამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მერვე გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

ბარტიმ აღარ დათმო არც ერთი საკუთარი გეიმი და აგრძელებს ბრძოლას საშინაო „დიდ სლემზე“.

სხვათა შორის, ბარტი და კვიტოვა წელს უკვე მეორედ ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, ისინი სიდნეის ტურნირის ფინალში თამაშობდნენ და ჩეხმა სამ სეტში მოიგო – 1:6, 7:5, 7:6(3).