ავსტრალიის ღია – VII დღე – კაცების ტურნირს შარშანდელი ფინალისტი გამოაკლდა

15:30, 20.01.2019

ზუსტად ოთხი საათი გაგრძელდა კაცების ტურნირის რიგით მესამე მერვედფინალი, რომელშიც შარშანდელი ფინალისტი, ხორვატი მარინ ჩილიჩი, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს ხვდებოდა. ხუთსეტიანი მარათონი პირენეელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა – 6:7(6), 6:3, 6:2, 4:6, 6:4.

ბაუტისტა აგუტი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა მატჩში და შეეძლო უფრო იოლად მოეგო, პირველ პარტიაში სეტზე რომ ჩაეწოდებინა, მაგრამ 5:4-ზე ამის გაკეთება ვერ შეძლო, შემდეგ კი ტაი-ბრეიკი წააგო. მეორე ჩავარდნა ესპანელს მეოთხე სეტში ჰქონდა, როცა ვერც ერთ ბრეიკ-პოინტამდე ვერ მივიდა.

დანარჩენ პარტიებში ბაუტისტა მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. მან 13:5 აჯობა ბრეიკ-პოინტებში მეტოქეს, 5:2 – ბრეიკებში. ესპანელი სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებითაც ჯობდა ჩილიჩს, მაგრამ ხორვატის მარცხის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გამოდგა მისი 73 უნებლიე შეცდომა – მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტი.

საინტერესოა, რომ 30 წლის ბაუტისტა აგუტი მეათედ თამაშობდა „დიდი სლემის“ ტურნირების მერვედფინალში და პირველად გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე.

მსგავსი