ავსტრალიის ღია - V დღე - სერენა უილიამსმა უკრაინელი თინეიჯერი გაანადგურა
ავსტრალიის ღია - V დღე - სერენა უილიამსმა უკრაინელი თინეიჯერი გაანადგურა

ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე სათამაშო დღეს მეთექვსმეტედფინალური ეტაპი სრულდება.

მერვედფინალში ძალიან იოლად გააღწია ამერიკელმა სერენა უილიამსმა. მისი მეტოქე პირველი რაუნდების სენსაცია, 18 წლის უკრაინელი დაიანა იასტრემსკა იყო, რომელმაც პირველ ორ წრეში ორი სახელოვანი ჩოგბურთელი – სამანტა სტოსური და კარლა სუარეს-ნავარო დაამარცხა. თუმცა, სერენას წინააღმდეგ თინეიჯერს შანსი არ ჰქონდა.

უილიამსმა საათსა და ხუთ წუთში მოამთავრა საქმე – 6:2, 6:1. ლეგენდის წინააღმდეგ იასტრემსკას არაფერი გამოუვიდა – 26 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აქედან რვა ორმაგი შეცდომა იყო და ვერც ერთხელ ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე. თავის მხრივ, სერენამ 12 ბრეიკ-პოინტიდან ხუთის გამოყენება შეძლო.

სერენა უილიამსი, ჯერჯერობით ძალიან იოლად მიიწევს წინ – სამ ჩატარებულ შეხვედრაში მას სეტი არ წაუგია, ჯამში კი ცხრა გეიმი დათმო.

უმცროსი უილიამსის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა – მსოფლიოს პირველი ჩოგანის სიმონა ჰალეპისა და ვინუს უილიამსის მატჩში.