ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ტურნირებზე მე-300 მატჩი მოიგო
ავსტრალიის ღია, მეშვიდე დღე - ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ტურნირებზე მე-300 მატჩი მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მამაკაცთა ტურნირის რიგით მეოთხე მეოთხედფინალისტი გახდა. მას ოთხი სეტი დასჭირდა კანადელი მილოშ რაონიჩის დასამარცხებლად – 7:6(4), 4:6, 6:1, 6:4. შეხვედრა ორი საათი და 56 წუთი გაგრძელდა. ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 12:0 გახდა სერბის სასარგებლოდ.

პირველ სეტში მეტოქეებს ბრეიკის შანსი თითქმის არ ჰქონიათ – ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჯოკოვიჩს ჰქონდა, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ნოვაკი 3:0 დაწინაურდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

მეორე სეტში ოდნავ უკეთ რაონიჩი გამოიყურებოდა და მატჩში პირველი ბრეიკის წყალობით სეტებში ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ამის შემდეგ კანადელს ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია, ჯოკოვიჩმა კი მესამე სეტში ორჯერ და მეოთხეში ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მეოთხედფინალში გავიდა.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მე-300 მოგება „დიდი სლემის“ ტურნირებზე. აქამდე ეს მხოლოდ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შეძლო, TOP5 კი ასე გამოიყურება:

  1. როჯერ ფედერერი – 362/59
  2. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 300/45
  3. რაფაელ ნადალი – 284/39
  4. ჯიმი კონორსი – 233/49
  5. ანდრე აგასი – 224/53

ჯოკივიჩი მეოთხედფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელმაც სამ სეტში დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი – 6:4, 7:6(5), 6:3. ჯოკოვიჩი ზვერევთან ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს იგებს.