ავსტრალიის ღია, მეათე დღე - ციციპასმა 0:2-დან მოუგო ნადალს და ნახევარფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია, მეათე დღე - ციციპასმა 0:2-დან მოუგო ნადალს და ნახევარფინალში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობას მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი გამოეთიშა. ესპანელმა ოთხსაათიანი ორთაბრძოლა დათმო ბერძენ სტეფანოს ციციპასთან, არადა, რაფას სეტებში 2:0 მიჰყავდა ანგარიში.

ნადალი სეტის წაუგებლად შეხვდა ამ შეხვედრას და ისე ჩანდა, რომ ამჯერადაც “მშრალი” ანგარიშით გაიმარჯვებდა. პირველ ორ სეტში ესპანელმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ 12 ქულა დათმო, არც ერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა მეტოქე და თავად სამი ბრეიკი შეასრულა.

მესამე სეტში ნადალმა გააგრძელა იდეალური თამაში თავის მოწოდებაზე და ამჯერად, მას ციციპასმაც აუბა მხარი – ნადალმა თავის გეიმებში ერთი ქულა წააგო, ბერძენმა – სამი. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელშიც 3:3-დან ციციპასმა ინიციატივა მოიპოვა და მე-13 გეიმი 7:4 მოიგო.

მეოთხე სეტიდან თამაშის სურათი შეიცვალა – ბერძენი უკეთ გამოიყურებოდა და ბრეიკ-პოინტები მხოლოდ მას ჰქონდა. პირველი სამი შანსი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეოთხე ცდაზე მეცხრე გეიმში თავისი პირველი ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეხუთე სეტი მესამის მსგავსად მიდიოდა – ჩოგბურთელები ბრეიკ-პოინტებამდე ვერ მიდიოდნენ. კრიტიკული მომენტი ნადალს 5:5-ზე დაუდგა – მე-11 გეიმში ციციპასმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ბერძენმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მე-12 გეიმში ნადალმა ორი მატჩბოლი მოიგერია, შემდეგ ერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ციციპასი მაინც მივიდა მესამე მატჩბოლამდე და ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 3:6, 2:6, 7:6(4), 6:4, 7:5.

ნახევარფინალში ციციპასი რუს დანიილ მედვედევს შეხვდება, რომელმაც მანამდე სამ სეტში იოლად მოუგო თანამემამულე ანდრეი რუბლიოვს.