ავსტრალიის ღია, I დღე - სერენამ და ვენუსმა ორ-ორ სეტში მოიგეს [ვიდეო]
ავსტრალიის ღია, I დღე - სერენამ და ვენუსმა ორ-ორ სეტში მოიგეს [ვიდეო]

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი წრის მატჩები ჩაატარეს დებმა უილიამსებმა.

სერენამ, რომელიც მსოფლიოს მე-11 ჩოგანია, 57 წუთში გაანადგურა გერმანელი ლაურა ზიგემუნდი – 6:1, 6:1.

ამერიკელი სრულად დომინირებდა კორტზე, თავის გეიმებში ჯამში მხოლოდ ცხრა გათამაშება წააგო, მეტოქის პირველ მოწოდებაზე 31 გათამაშებიდან 23 მოიგო, ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ექვსი გამოიყენა. მის მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ოთხი „ვინერსი“ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ზიგემუნდმა მატჩი ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამის შემდეგ, სერენამ ზედიზედ 10 გეიმი აიღო და 6:1, 4:0 დაწინაურდა.

მეორე წრეში ამერიკელის მეტოქე სერბი ნინა სტოიანოვიჩი იქნება, რომელმაც რუმინელი ირინა ბეგუ გამოთიშა ბრძოლას.

რაც შეეხება ვენუს უილიამსს, მან ორ სეტში მოუგო ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს – 7:5, 6:2.