ავსტრალიის ღია 2023 - ბასილაშვილმა პირველი წრე ოთხ სეტში წააგო #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2023 - ბასილაშვილმა პირველი წრე ოთხ სეტში წააგო #1TVSPORT

მსოფლიოს 90-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ გადალახა ავსტრალიის ღიას პირველი რაუნდი. ქართველმა ორსაათნახეევრიანი ბრძოლის შემდეგ ოთხ სეტში წააგო ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან – 4:6, 2:6, 6:4, 5:7.

პირველი სეტის პირველ ნაწილში ბასილაშვილს ჰქონდა უპირატესობა – მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მეხუთე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ფრიტცმა 2:4-დან შეძლო პარტიაში გარდატეხის შეტანა და ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ამერიკელმა კიდევ უფრო მოუმატა და საკუთარ გეიმებში მხოლოდ ორი ქულა დათმო, გარდა ამისა, მეექვსე და მერვე გეიმებში ბრეიკები შეასრულა და ორსეტიანი უპირატესობა მიიღო.

თითქოს ამერიკელს დამაჯერებლად მიჰყავდა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ ბასილაშვილმა მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. მან საკუთარ გეიმებში მხოლოდ ხუთი გათამაშება წააგო და მეტოქეს ბრეიკის შანსი არ მისცა. ასე რომ, საჭირო გახდა მეოთხე სეტის ჩატარება.

მეოთხე პარტიაში მცირე უპირატესობა ფრიტცს ჰქონდა. მან სამი ბრეიკპოინტის გამომუშავება შეძლო და მესამე ცდაზე მოახერხა ბრეიკის შესრულება და მატჩის მოგება. ეს მე-12 გეიმში მოხდა. მანამდე ბასილაშვილმა მე-10 გეიმში მატჩბოლი მოიგერია.

ფრიტცმა მატჩი 32 ეისით დაასრულა, ბასილაშვილს კი ორმაგი შეცდომა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე ეისი (11/9). ამერიკელმა რვიდან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, ბასილაშვილმა – ოთხიდან ორი.