ავსტრალიის ღია 2022 - ნადალმა პირველი ბარიერი იოლად გაიარა #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ნადალმა პირველი ბარიერი იოლად გაიარა #1TVSPORT

მელბურნში დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობა. ორშაბათს, პირველი წრის მატჩებს მამაკაცთა ძირითადი ბადის ზედა ნაწილში მყოფი ჩოგბურთელები თამაშობენ, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციის შემდეგ, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი იქცა.

ესპანელმა ძალიან იოლად გაიარა პირველი ბარიერი. მან სამ სეტში დაამარცხა კლასიფიკაციის 66-ე ნომერი, ამერიკელი მარკოს ჯირონი – 6:1, 6:4, 6:2. შეხვედრა საათი და 50 წუთი გაგრძელდა.

ნადალმა პირველ და მეორე მოწოდებაზე მხოლოდ რვა-რვა ქულა წააგო, ცხრა ბრეიკპოინტი მოიპოვა და ხუთი გამოიყენა, 34 „ვინერსი“ დააგროვა და 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა. მის მეტოქეს ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნადალის 70-ე მოგება ავსტრალიის ღია პირველობაზე. რაფას შემდეგი მეტოქე გერმანელი იანიკ ჰანფმანისა და ავსტრალიელი ტანასის კოკინაკისის შეხვედრაში გაირკვევა.