ავსტრალიის ღია 2022 - ნადალი ავსტრალიის ღიას მეშვიდე ნახევარფინალს ითამაშებს #1TVSPORT
ავსტრალიის ღია 2022 - ნადალი ავსტრალიის ღიას მეშვიდე ნახევარფინალს ითამაშებს #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა მამაკაცთა ტურნირზე. ესპანელმა რაფაელ ნადალმა ოთხსაათიან მარათონში 6:3, 6:4, 4:6, 3:6, 6:3 დაამარცხა კანადელი დენის შაპოვალოვი.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დომინირებდა პირველ ორ სეტში. ნადალმა მეტოქეს პირველ ორ სეტში არც ერთი ბრეიკპოინტი არ მისცა, თავად კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა.

შაპოვალოვმა პირველი ბრეიკპოინტები მესამე სეტის მეექვსე გეიმში მოიპოვა, მაგრამ ორი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში შეძლო პირველი ბრეიკის შესრულება და პარტიის მოგება. მეოთხე სეტშიც კანადელმა ერთადერთი ბრეიკით გაიმარჯვა. ნადალს ჰქონდა მეცხრე გეიმში ორი ბრეიკპოინტი, მაგრამ უკუბრეიკი ვერ შეასრულა.

მეხუთე სეტში ყველაფერი მეორე გეიმში ნადალის მიერ შესრულებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. შაპოვალოვს არ გაუმართლა, რადგან მეტოქის მოწოდების აღების სამი შანსი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა.

ნადალმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა პირველ მოწოდებაზე, რომელზეც ქულების 79 პროცენტი მოიგო, მაგრამ მხოლოდ 46 პროცენტი მოიგო მეორე მოწოდებაზე. ესპანელს 41 „ვინერსი“ ჰქონდა და ძალიან ცოტა უნებლიე შეცდომა – 28, საიდანაც 11 ორმაგი შეცდომა იყო. შაპოვალოვს უფრო მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა – რვა შვიდის წინააღმდეგ, მაგრამ კანადელმა ორი შანსი გამოიყენა, ნადალმა – სამი.

რაფაელ ნადალი მეშვიდედ გავიდა ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში. მისი მეტოქე იტალიელი მატეო ბერეტინისა და ფრანგი გაელ მონფილსის შეხვედრაში გაირკვევა.