ავსტრალიის ღია 2020 - ნადალი მეორე წრეში გავიდა
ავსტრალიის ღია 2020 - ნადალი მეორე წრეში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს ტურნირში ჩაება მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი. ესპანელმა პირველი წრის მატჩისთვის შესანიშნავი მომზადება აჩვენა და ბოლივიელ უგო დელიენს სამ სეტში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო – 6:2, 6:3, 6:0.

ნადალმა მატჩი ზედიზედ ხეთი გეიმის მოგებით დაიწყო, რის შემდეგაც ბოლივიელმა ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა. დელიენმა მეორე სეტშიც შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, თუმცა ნადალმა ორი ბრეიკით უპასუხა, მესამე სეტში კი ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა.

რაფაელ ნადალის სტატისტიკაში მხოლოდ ორი რამ იყო დასაწუნი – მეორე მოწოდებაზე მოგებული ქულების 59 პროცენტი და ხუთი ორმაგი შეცდომა.

მეორე წრეში ესპანელი შეხვდება არგენტინელ ფედერიკო დელბონისს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს.