ავსტრალიის ღია 2020 - კირგიოსმა მატჩის დროს რაფაელ ნადალს დასცინა (ვიდეო)
ავსტრალიის ღია 2020 - კირგიოსმა მატჩის დროს რაფაელ ნადალს დასცინა (ვიდეო)

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკ კირგიოსმა მეორე წრეში ჟილ სიმონი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩი ავსტრალიელსა და ფრანგს შორის საკმაოდ ხალისიანად წარიმართა: ორივე ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალის იმიტაცია რამდენჯერმე გააკეთა. კირგიოსმა რამდენიმე ხნის წინ ესპანელი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის თითქოს ჩაწოდებას ძალიან დიდ დროს ანდომებს.

რაფაელ ნადალმა, თავის მხრივ, 24 წლის ავსტრალიელს გასულ წელს ზრდილობა დაუწუნა და თქვა, რომ კირგიოსი მის მიმართ საკადრის პატივისწცემას არ იჩენს. ამის მიზეზი მექსიკის ქალაქ აკაპულკოში მათ შორის გამართული მატჩი გახდა, რომლის დროსაც კირგიოსმა რამდენჯერმე ბურთი ექსტრავაგანტულად ჩააწოდა.

კირგიოსმა სიმონი 6-2, 6-4, 4-6, 7-5 დაამარცხა და შესაძლოა ნადალს მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში დაუპირისპირდეს.